"სხვა გამოსავალი არ დამიტოვა, მე ჩემი თავისთვის უნდა მეშველა" - გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
გურჯაანში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ერთი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ციხის გისოსებს მიღმა აღარ დაელოდება.
როგორც ბრალდებული აცხადებს, მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა:
"მიუღებელი იყო რაც მე დამემართა და დღესაც ძალიან ვნანობ ამას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მკვლელობა არც განზრახული ყოფილა, არც შურისძიება ყოფილა, სიტუაციამ მოიტანა, მე არ ვგრძნობ თავს სულ უდანაშაულოს, მე არც ჩემ წილ პასუხისმგებლობას გავურბივარ. მოვითხოვ, რომ ვაგო იმ დანაშაულზე პასუხი, რაც დავაშავე, მაგრამ მე რაც 16-დან 20-წლამდე მომისაჯეს, ეს არ მეკუთვნის. მე არც ვინმე მყავს და არც არაფერი... ნაფიცი მსაჯულები მოვითხოვე, მინდა, რომ ხალხმა განსაჯოს... სხვა გამოსავალი არ დამიტოვა, მე ჩემი თავისთვის უნდა მეშველა, იქ მოხდა რაც მოხდა. ეგ იყო ერთადერთი პიროვნება, ვინც მე სასიკვდილოდ გამიმეტა, სასიკვდილოდ მირტყამდა და ძირს დამაგდო, მე დიალეზიანი ავადმყოფი ვარ. არანაირად არ დამზოგა გარდაცვლილმა", - განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა 2020 წლის 28 ივნისს მოხდა.