როსარია პუგლისი: როცა შესაფერისი დრო მოვა, ჩვენ თქვენთან ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ნატოში შესვლას
"საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი. ჩვენ ყველა ბევრს ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რაც ბუქარესტის სამიტზე იყო გაცხადებული", - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე და საქართველოს სუვერენიტეტზე, ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ნატო აგრძელებს რუსეთის მიმართ მოწოდებას, უარი თქვას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებაზე და გაიყვანოს საკუთარი ძალები აღნიშნული ორი რეგიონიდან,“- აღნიშნა როსარია პუგლისმა.
მან ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის.
„გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა და რომ რუსეთი არის ამ რეგიონებში არსებული სიტუაციის დე ფაქტო მმართველი და ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე, რასაც ადგილი აქვს ამ სამხედრო ყოფნის შედეგად,“- აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.
„საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ უნიკალური ურთიერთობა გვაქვს. ის ნატოს მხარდამხარ იბრძვის ავღანეთში მისიის დაწყებიდანვე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთს მხოლოდ მაშინ დატოვებენ, როდესაც ნატო-ს ჯარი დატოვებს ავღანეთს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთკავშირი გვაქვს. ერთად ვმუშაობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტზე. ეს არის მთავარი სივრცე, საიდანაც ჩვენს მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ხორციელდება,“- აღნიშნა როსარია პუგლისმა.
კითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, როსარია პუგლისმა უპასუხა : „როცა შესაფერისი დრო მოვა და ჩვენ ამას თქვენთან ერთად ვიზეიმებთ“.