ირაკლი კობახიძე: ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ
"ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ვიზიტის შეფასებას, აქ ამოსავალი წერტილი იყო „ოკუპაციის შესახებ კანონი“. შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ თანხმობით 2016 წელს საქართველოს ეუთოს ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა რუსეთის სათათბიროს 6 დეპუტატი, რომელთაგან 3-ს ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ კანონი“, მათ შორის იყო „ეფესბეს“ ყოფილი დირექტორი კოვალიოვი და ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური დეპუტატი სლუცკი. თქვენ ასევე გახსოვთ გიგი წერეთლის მადლობა კოვალიოვის მიმართ, როდესაც რუსულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა გიგი წერეთელს პრეზიდენტად არჩევის დროს. დღეს ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ მათთვის პოზნერის ვიზიტი მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ მათ არ გააჟრიალათ, როდესაც მათი კამპანია დაიხურა რუსული სიმღერით თავისუფლების მოედანზე. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ფარსი.
„როდესაც მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულ ენაზე, რატომ არ დაუსტვინა არავინ, რატომ არ ავიდა სცენაზე და არ მოითხოვა სიმღერის გამორთვა? სინამდვილეში ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ. ვინ არის მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესმდივანი. ვინ არის დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. არსებობს პირდაპირი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ესენი არიან რუსების აგენტები. როგორ იგებს ელენე ხოშტარია ყველაზე ადრე ასეთი ვიზიტის შესახებ? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ამასთან, პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.
რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.