იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ ერთად მუშაობას საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისათვის - პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა.
„სინანულით უნდა გაცნობოთ, რომ 8-10 იანვრისთვის დაგეგმილი ვიზიტი ვერ განხორციელდება, როგორც თავდაპირველად იყო ამის იმედი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო არსებული გარემოებების ყურადღებით გათვალისწინების შემდეგ. როგორც ხაზგასმულია ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში და როგორც გუშინ კონსტრუქციულად იყო განხილული პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს სამუშაო აქვს საარჩევნო პროცესების ეუთოს ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მე კვლავ ვაფიქსირებ ჩემს მტკიცე მხარდაჭერას მათი განხორციელების მიმართ. დაგეგმილი ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის ხელშეწყობა ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ეუთოს მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის მზადყოფნას ჩაერთოს მუშაობაში ჩემს დელეგაციასთან, მივედი დასკვნამდე, რომ არსებული პირობები არ არის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის, რომელიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. თუმცა, ჩვენ მტკიცენი ვრჩებით ჩვენს ძალისხმევაში, მხარი დავუჭიროთ ODIHR-ის რეკომენდაციების განხორციელებას და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელ დროს, როდესაც პირობები უკეთეს საშუალებას მოგვცემს კონსტრუქციული ჩართულობისთვის. იმავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ODIHR-ის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესაბამისად და პრიორიტეტი მიანიჭოს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ყველა შესაბამის ძალასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ხელი შეუწყოს ამ ძალისხმევას და ჩვენ მზად ვიქნებით ამის განსახილველად ონლაინ შეხვედრაზე უახლოეს მომავალში.
გმადლობთ გაგებისა და მუდმივი თანამშრომლობისთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად მუშაობას საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების გასაძლიერებლად", - ნათქვამია პია კაუმას წერილში.