პია კაუმას გადაწყვეტილება არის ვიზიტის გაუქმება და არა გადადება - ნიკა გვარამია
შეცდომა იქნებოდა ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს, ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა, სამწუხაროდ, დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ, საბედნიეროდ, ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამიას თქმით, ქართველ ხალხთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც აქტიურად მუშაობენ, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს.
„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პია კაუმა ვიზიტს აუქმებს. აუქმებს და არა გადადებს. ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის ვიზიტის გაუქმება, ვინაიდან დათქმა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიანად შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ ის შემდგომი ვიზიტის რაიმე თარიღს დაასახელებდა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც 40 დღეა, დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. ბევრ სხვა რამესაც, ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში, ამას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები, ვინაიდან არჩევნები გაყალბებულია და საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ.
ქართველი ხალხის შემდგომ ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ, ნომერი 4, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ნომერი 5, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კოალიციური პარტნიორები და ნომერი 9, „ლელო“ და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთო-ს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით, რომ ჩვენ უბრალოდ შეხვედრებს არ დავესწრებოდით, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ ვითარებაში საუბარი საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არასამთავრობო ორგანიზაციების იმავე შინაარსის მიმართვამ. სამ პროდასავლურ ძალასთან ერთად, ცალკე იყო გახარიას პარტიის მიმართვა, რაც დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, ამგვარ საკითხებში ოპოზიციის ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ბუნებრივია, შეცდომა იქნებოდა აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს, ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა, სამწუხაროდ, დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ, ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ამოცანაა ეს, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ მხრივ ზოგჯერ უსამართლოდ იჩაგრებიან. ჩვენ ვმუშაობთ გამალებით, რომ ეს არ მოხდეს, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს და აქ ჩვენი წვლილი შეგვაქვს, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.
სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.
ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.
პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც. მისი თქმით, „პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“.
დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.