თეგებით ძიება
01. 04. 2021 მსოფლიო

მიანმარში 40-ზე მეტი ბავშვი მოკლეს

მიანმარში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სამხედროებმა 43 ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ BBC ორგანიზაცია Save the Children-ზე დაყრდნობით წერს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამხედროები გადატრიალების მოწინააღმდეგეებს ქუჩაში ესხმიან თავს, ზოგს კი საკუთარ სახლში კლავენ. დაღუპულთა შორის არის 7 წლის გოგო, რომელიც მისი სახლის ჩხრეკისას მოკლეს. მოკლულია 14 წლის ბიჭი და 13 წლის გოგო, რომელიც ქუჩაში თამაშობდა.

Save the Children-ში ასევე აღნიშნავენ, რომ დემონსტრანტებისა და სამხედროების შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია და 1 წლის ბიჭზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც თვალში რეზინის ტყვია მოხვდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ძალადობას, რომლის მოწმეებიც ბავშვები არიან, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა აქვთ.

„ბავშვები ძალადობისა და საშინელების მოწმენი გახდნენ. ცხადია, რომ მიანმარი ბავშვებისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ არის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიანმარში 1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სამხედროებმა საპროტესტო აქციების დაშლის დროს 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა