"სწორი გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო, სასწრაფოდ" - თორნიკე მამალძე
მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამაალძე ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს:
"ეს პოსტი ეხება საქართველოს ეკლესიაში დაპირისპირებულ ყველა მხარეს, მათ შორის მეც!!!
ეკლესიაში არსებული კრიზისი დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერმა უმწვავესი ფორმა მას შემდეგ შეიძინა და სააშკარაოზე გამოვიდა, რაც დეკანოზი არაადამიანურად გაწირეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. მრევლში ნდობის ბზარი გაჩნდა. ყავლი გაუვიდა მაღალ იერარქთა მიმართ უპირობო მორჩილებას. მარტვილის ეპარქიის კრიზისი მხოლოდ დასაწყისია, ნავსი უკვე გატყდა. არავინ იფიქროს, რამენაირად მიხარია ეკლესიაში რომ ასეთი სიტუაციაა. ჩემი ძმაც და ეკლესიაც ერთნაირად მტკივა. პროტესტმა უკვე ქუჩაში გადაინაცვლა. კიდევ უფრო გამწვავდება ეს ყველაფერი და ღმერთმა დაგვიფაროს, მეშინია, ისეთ დაპირისპირებამდე არ მივიდეთ, სადაც ვინმე ფიზიკურად დაზიანდება (უკვე ისმის ასეთი მუქარები). ვინ აიღებს სამოციქულო ეკლესიის მრევლს შორის დაპირისპირების პასუხისმგებლობას?! როგორ შევა ეკლესიის ისტორიაში საჭეთმპყრობელი და მისი მოსაყდრე თუკი მათ ვერ შეძლეს ბრძნული მართლმკვეთელობით შფოთისა და განხეთქილების დასრულება?! ეს ამბავი უნდა მოგვარდეს, ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის. გამგონმა გაიგოს, რასაც ვამბობ!!! ჭყონდიდის მრევლს უნდა მოუსმინონ და სამართლიანობა აღადგინონ. ასევე, რაც მთავარია, დეკანოზი საპყრობილედან გაათავისუფლონ. ქიმერასავით აზის მისი ციხეში ყოფნა ეკლესიას. საუბარი და სწორი გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო, სასწრაფოდ. ისეთი გადაწყვეტილების, რომლითაც ეკლესიაც მოიგებს და - ამ კონფლიქტში ჩართული, ჩაგრული სასულიერო პირებიც და მრევლიც. აღდგომა ახლოვდება. უფლის შემწეობით შეუძლებელი არაფერია!", - წერს მამალაძე ფეიაბუქზე.