თეგებით ძიება

არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ... - მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმი აღიარებს, რომ პაციენტს საჭირო დახმარება არ გაეწია

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც პირველ ჩვენებაში ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ ადრენალინი გაუკეთა შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მას მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია.

„მე მეგონა რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია“

გამომძიებლის კითხვაზე: - უშუალოდ თქვენ რა მოიმოქმედეთ ამ დროს? ვიოლეტა ინასარიძე პასუხობს:

„პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე“, – აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენებაში და იქვე ადასტურებს რომ მას მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

„არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.

კიდევ რას წერდა ჩვენებაში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი, ვიოლეტა ინასარიძე:

„თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პროტოკოლის შესაბამისად ექიმის ფუნქციას არ წარმოადგენს პაციენტის გასინჯვა აცრის წინ. მოცემულ შემთხვევაში გასინჯვა გულისხმობს, ფილტვების მოსმენას, ყელში ჩახედვას, გულის ტონების მოსმენას და მუცლის გასინჯვას, რაც მეგის შემთხვევაში და არც სხვების შემთხვევაში არ მომხდარა, რადგან როგორც აღვნიშნე, აღნიშნული არ იყო გათვალისწინებული, პროტოკოლით, მაგრამ ვახდენთ შესაბამისი კითხვარით ინფორმაციის მიღებას,მათ შორის ვეკითხებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და თუკი მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დადგინდა რომ აქვს ჩივილები, მერე გავსინჯავ და თუ არსებობს რისკი რომ უკუჩვენება დაფიქსირდეს არ ჩავატარებ ვაქცინაციის პროცესს“, – აცხადებს ექიმი დაკითხვის დროს.

კითხვაზე – რა ტემპერატურა ჰქონდა მეგი ბაქრაძეს აცრამდე, ექიმი ჩვენებაში წერს, რომ:

„მეგის მე თავად გავუზომე ტემპერატურა, და მას აცრის წინ აღენიშნებოდა – 36,7“

ექიმი ჩვენებაში ასევე ამბობს, რომ რაიმე გარემოება, რასაც შეიძლებოდა პოსტვაქცინური უკუჩვენება გამოეწვია, არ არსებობდა.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თავიდანვე იცოდნენ, რომ მედდას სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა