მეგი ბაქრაძის დედა: ექიმს შესაძლოა, ჩვენების შეცვლა დაავალეს
ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედა, ვარაუდობს, რომ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ექიმის ვიოლეტა ინასარიძეს შესაძლოა, ჩვენების შეცვლა დაავალეს და ამით კლინიკა “იმედის” გადარჩენას ცდილობენ.
“წყალი საერთოდ სათავედან იღვრება. შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს და უთხრეს, რომ ასე უნდა ეთქვა. აბა მაშინ თუ იქ იყო, მერე როგორ შეცვალა ჩვენება და თქვა, იქ არ ვიყავიო.
ამ ჩვენების შეცვლით ალბათ კლინიკას გადაარჩენენ. მე მინდა რომ სიმართლე დადგინდეს და არა ის, რომ ვიღაცას მიაკერონ ბრალდება და იმით სხვა დაადანაშაულონ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წელს მისცემენ, ჩემი შვილისთვის ეგ არ იქნება შველა,”- აცხადებს მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძე.
2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.
იმავე დღეს ქალი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.