თეგებით ძიება

ერკეთისა და უდაბნოს მონასტრები - უძველესი ძეგლები, რომლებიც ამშვენებენ გურიას და საქართველოს

„მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა გურულები და დანარჩენები“- გიორგი კეკელიძე.

ამ სიტყვებს ადასტურებს გურიის თვალწარმტაცი სილამაზე, უძველესი ისტორიული ძეგლები, გურულების ულევი ენერგია, იუმორი და კრიმანჭული, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.

„ათას სალამურს გააქვს გუგუნი,
ერთად ამღერდნენ გურიის მთები,
თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ,
არც სიკვდილისთვის დაგემდურები.“
ტიციან ტაბიძე

ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ გურიის სერის სამხრეთ ციცაბო კალთაზე, ამაღლების მთის ფერდობზე მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის- უდაბნოსა და ერკეთის დედათა მონასტრებზე, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

უდაბნოს მონასტერი სოფელ შუაგანახლების ჩრდილოეთით მდებარეობს. ის ერთ-ერთი უძველესი ქართული კულტურის კერა იყო გურიაში. გადმოცემის თანახმად, მას ჰქონდა საგანმანათლებლო დანიშნულება. მონასტერს გააჩნდა მდიდრული წიგნსაცავი, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. აქ სწავლობდნენ საღვთო სჯულს, ფილოსოფიას, ენებს, გალობებს, პალიგრაფიას, მხატვრობას და სხვა.

ერკეთისა და უდაბნოს მონასტრები - უძველესი ძეგლები, რომლებიც ამშვენებენ გურიას და საქართველოს


მონასტრის აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ მკვლევართა ნაწილი მას VI საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, ნაწილი კი IX–X საუკუნეებს აკუთვნებს. მონასტრის ნაგებობა ნახევრად კლდეში ნაკვეთია, მისი ფერდობის ნაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ მონასტრის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი, ხოლო ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილები კი მშენებლების მიერ არის აშენებული.

მონასტრიდან ვიწრო ბილიკს თუ გაუყვებით, 200 მეტრში დაინახავთ მამათა მონასტერს, სადაც მხოლოდ ჩიტების გალობა და ულამაზესი მწვანე ბუნება მოსჩანს.

გრიგოლ რობაქიძე წერს: „ლამაზი კუთხეა გურია საქართველოში. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე - გაშლილი სინთეზია. მოქნილი მთები ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული: თვალუწვდენელი ჭალანი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი.“

აღსანიშნავია ასევე ერკეთის ეკლესია, რომელიც გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა. მისი წინამძღვრები შარვაშიძეები იყვნენ. XVIII საუკუნის 50-იან წლებში ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე ჯუმათის მიტროპოლიტად დაინიშნა. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ერკეთის მიმართ. მისი ბრძანებით ააგეს მონასტრის კანკელი და მოხატეს საკურთხეველი. იგი გამოსახულია ეპისკოპოსის სამოსლითა და მიტრით ეკლესიის მარჯვენა კედელზე, სათანადო წარწერით.



ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. ეკლესიაში შემორჩენილი იყო მაცხოვრის მომცრო ხატი, მთავარანგელოზთა ვერცხლით მოჭედილი ხატი და თავპანტას ეკლესიიდან შემოწირული წმინდა გიორგის ხატი.

1905 წელს, დეკანოზმა მგალობლიშვილმა იატაკქვეშ დამალა ტაძრის ძვირფასეულობები, რათა ისინი გურიაში შეჭრილი ალიხანოვ-ავარსკის დარბევისგან ეხსნა.

ეს უძველესი ძეგლები საქართველოს უძველეს თუ უახლეს ისტორიას წერენ. ულამაზესი ბუნება და კლდეში ნაკვეთი მონასტერი, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. ისინი ამშვენებენ გურიას და საქართველოს.

სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა