თეგებით ძიება

ტყვეობიდან დახსნილი მურა დათვების მყუდრო სახლი ცხვარიჭამიაში

სოფელი ცხვარიჭამია ალბათ ბევრს გაგიგიათ, ის ულამაზესი საბადურის ტყის მიმავალ გზაზე მდებარეობს.

როგორც უკვე ცნობილია, საბადურის ტყე ერთ-ერთი ყველაზე ზღაპრული ადგილია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, რომლის ცნობადობა ბოლო რამდენიმე წელია გაიზარდა და წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

საბადურის ტყე მართლაც გამორჩეული ადგილია თიანეთში, თუმცა, სულ ეს არაა. საბადურის ტყის გზაზე, მდინარე თეზამის ხიდთან თუ შეჩერდებით და გადაიხედავთ მარცხენა მხარეს, ზოოლოგიურ ცენტრს დაინახავთ, რომელიც დღეს 22 მურა დათვის თბილი სახლია.

დღეს სწორედ მასზე მინდა მოგიყვეთ.

ტყვეობიდან დახსნილი მურა დათვების მყუდრო სახლი ცხვარიჭამიაში


საქართველოში უკანონო ტყვეობაში მყოფი „წითელი ნუსხით“ დაცული, გადაშენების პირას მყოფი მურა დათვების დასაცავად, 2010 წელს ზოოლოგიური ცენტრი გაიხსნა, როგორც თავად დამფუძნებელი ინტერვიუში ამბობს, ცენტრის გახსნის ძირითადი იდეა საქართველოში მურა დათვების გადარჩენა და დაცვა იყო, იგი ასევე გვიყვება, რომ საქართველოში 35 მდე მურა დათვი გართობის მიზნით სხვადასხვა ობიექტზე ჰყავდათ გამოკეტილი, მათ შორის ბენზინგასამართ სადგურებსა და სხვა კერძო სავაჭრო ობიექტებთან. მათ ხშირად ძალიან პატარა გალიებში ამწყვდევდნენ და ტოვებდნენ საჭმლის გარეშეც.

ცენტრის ტერიტორიაზე ასევე პატარა, დაობლებული ბელებიც ბინადრობენ, რომელთაც სავარაუდიდ, დედა მონადირეებბა მოუკლეს თვითონ კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ, ბელები რაჭიდან ჩამოიყვანეს და ზოოლოგიურ ცენტრს მიაბარეს, თავშესაფრის ბინადარმა მეძუძურმა დედა დათვმა ობოლი ბელები იშვილა და დღეს მათზე, როგორც ბიოლოგიურ შვილებზე ისე ზრუნავს, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა.



გთავაზობთ ინტერვიუს ცენტრის დამფუძნებელთან, სოსო ჯიქურიშვილთან.

- რა გავლენა იქონია COVID-19 ის პანდემიამ თქვენს ზოოლოგიურ ცენტრზე?

- ცენტრი კერძო ორგანიზაციაა და ისედაც მცირე შემოსავლებით ვარსებობთ. კოვიდის დროს ძალიან რთული დღეები გვქონდა, თუმცა, არც ახლა გვილხინს, მუდმივად ვეძებთ საკვებს. ამ ეტაპზე 22 დათვი ბინადრობს ცენტრში და მათი შენახვა ძალიან გვირთულდება.

- რა არის თქვენი მოტივაციის წყარო, რომელიც დაბრკოლებების გადალახვაში ყველაზე მეტად გეხმარებათ?

- პირველ რიგში დათვების სიყვარული. დათვი გადაშენების პირას მყოფი მტაცებელია და მისი დაცვა აუცილებელია, რათა ჩვენი ქვეყნის ველურმა ბუნებამ ეს სახეობა შეინარჩუნოს.

- როგორც ვიცი, თითოეულ დათვს საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს, გთხოვთ გვიამბოთ ერთ-ერთ მათგანზე.

- დიახ, ყველა დათვი მძიმე ტყვეობაში ჰყავდათ. მაგალითად ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ჩავიბარეთ 3 წლის დათვი, რომელიც სენაკში მცხოვრებ ოჯახს ჰყავდათ 8კვ.მ. სარდაფში გამოკეტილი, როგორც გვიამბეს ბელი წამოუყვანიათ ტყიდან და მას შემდეგ გამოკეტილი ჰყავდათ, ახლა უკვე ჩვენთან არის და ნელ-ნელა ეჩვევა ახალ გარემოს.

საბადურის ტყეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, თუ კი მოხვდებით გზად აუცილებლად ესტუმრეთ ზოოლოგიურ ცენტრს, მოინახულეთ მურა დათვები და პატარა ბელები. აივსეთ დადებითი ემოციებით. დათვები ვაშლით, პურითა და სტაფილოთი იკვებებიან, შეგიძლიათ პატარა ბელები საკვებითაც დაასაჩუქროთ. შეიტანეთ თქვენი წვლილი სახეობის გადარჩენაში!



ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა