აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისა და რეგულაციების დარღვევის გამო, თბილისში ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა და 22 000 ლარით დაჯარიმდა
აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისა და რეგულაციების დარღვევის გამო, თბილისში, სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა და დაჯარიმდა ჯამში 22 000 ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ინფორმაცია შრომის ინსპექცია ავრცელებს.
"შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და მთავრობის #322- დადგენილების შესაბამისად, არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება.
აღსანიშნავია, რომ დამრღვევი პირები ერთგვარი სქემის მიხედვით მოქმედებდნენ და იჯარისა და ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით, ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. ამასთან ზემოაღნიშნულ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები. თუმცა, მიუხედავად წინარე არაერთი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისა, შესაბამისი ინფორმაციის ფლობის პირობებში, ამჯერად ფართის მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელების მხრიდან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის #322 დადგენილების მოთხოვნა აკრძალული საქმიანობისათვის ფართის გადაცემისა და შეტყობინების განხორციელების თაობაზე.
ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში, ამსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა ჯამში 22 000 ლარის ოდენობით, კანონით დადგენილი წესით. ხოლო, ობიექტი, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა", - აცხადებენ უწყებაში.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში.