შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა (ფოტო)
შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, კოსტავას N25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს „ოცნება-2“ დალუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
„ აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ 1 აპრილს შპს „მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს „ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.
სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა.
უკვე დღეს მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა და მთავრობის #322 დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, შპს „ოცნება-2“-ის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.