თეგებით ძიება

პირს, რომელიც ავტომობილით ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ადგილზე მიატოვა, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პირს, რომელიც გასული წლის სექტეობერში ავტომობილით ქვეითად მოსიარულე შეეჯახა და განსაცდელში მიატოვა, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, ავტომობილის მძღოლმა ადგილზე დახმარება არ გაუწია, რამაც მისი ბრალი დაამძიმა:

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისა და დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული გ.დ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, ქ. რუსთავში, გ.დ.-მ, რომელიც „ფორდ მუსტანგ“-ის მარკის ავტომობილს მართავდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და ქვეით ე.ბ. -ს შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ე.ბ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გ.დ.-მ მას დახმარება არ აღმოუჩინა და ავტომობილით მოძრაობა განაგრძო. ე.ბ. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.დ. 2020 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა