თეგებით ძიება
15. 04. 2021 სპორტი

აქ ვისწავლე თანადგომა და ბრძოლა, რაგბი ჩემთვის ყველაფერია, ძალიან დიდი ძალა და თავდაჯერებულობა შემმატა - მარიამ გოგუაძე

22 წლის მარიამ გოგუაძე უკვე 4 წელია რაც რაგბითაა დაკავებული და მუდმივად ცდილობს განვითარდეს და სიამოვნება მიიღოს თამაშისგან.

“რაგბი ჩემთვის არის დიდი ოჯახი, რომელშიც თავს ბედნიერად ვგრძნობ. სადაც ყველა ერთი მიზნისკენ მივისწრაფით და ეს გამარჯვებაა. აქ ვისწავლე თანადგომა და ბრძოლა. ბრძოლა არა მხოლოდ მოწინააღმდეგესთან, არამედ საკუთარ თავთანაც. რაგბი ჩემთვის ყველაფერია! არ ვიცი ხვალ რა იქნება და როგორ გავაგრძელებ კარიერას, მაგრამ რაგბი უზომოდ მიყვარს და თამაშით მიღებული სიამოვნება ენით აღუწერელი გრძნობაა. ვისაც არ უთამაშია, აუცილებლად უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა. არც ასაკს და არც სქესს არ აქვს მნიშვნელობა“- ამბობს შვიდქალა ნაკრების მოთამაშე მარიამ გოგუაძე TIA.GE-სთან ინტერვიუში.

აქ ვისწავლე თანადგომა და ბრძოლა, რაგბი ჩემთვის ყველაფერია, ძალიან დიდი ძალა და თავდაჯერებულობა შემმატა - მარიამ გოგუაძე


- რატომ დაინტერესდით რაგბით და რა მიღწევები გაქვთ ამ სფეროში?

- რაგბის მიმართ სიყვარული ყოველთვის მქონდა, უბრალოდ არ ვიცოდი ქალთა გუნდი თუ არსებობდა. როდესაც გავიგე, დრო არც დამიკარგავს და მივედი გუნდში სავარჯიშოდ. მიღწევებს რაც შეეხება, მოვიგეთ ევროპის კონფერენს დევიიზიონი, სადაც საკმაოდ კარგ გუნდებს შევხვდით და უფრო მეტი გამოცდილება მივიღეთ.

- გამორჩეული თამაში კარიერის განმავლობაში...

- კონკრეტულად ვერცერთ თამაშს გამოვარჩევ, ყველა გამორჩეული და საპასუხისმგებლოა.

- როგორი იყო ოჯახის დამოკიდებულება თქვენი სარაგბო კარიერისადმი?

- იციან, რომ სპორტი და ვარჯიში მიყვარს, შესაბამისად პატივს სცემენ ჩემს სპორტულ განვითარებასა და წინსვლას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სპორტში ვიქნები, მათ რაგბი შევაყვარე, მაგრამ ერთადერთი, რისიც ეშინიათ, ეს ტრავმაა, სხვამხრივ ყველანაირად გვერდში მიდგანან.



- ტრავმა, რომელიც კარიერის მანძილზე მიგიღიათ...

- განსაკუთრებული არაფერი, ორჯერ თითი მქონდა მოტეხილი და დაზიანებული მქონდა ბარძაყის უკანა კუნთი.

- რაგბის გარდა კიდევ რით ხართ დაკავებული?

- დავამთავრე სპორტის უნივერსიტეტი (რეაბილიტაციის ფაკულტეტი), თამაშის გარდა, ვმუშაობ რაგბის კავშირში, ვარ მატჩების კომისარი.

- რას ურჩევდით ადამიანებს, ვინც, ჯერ ჯიდევ სტერეოტიპების გამო, არ თამაშობს რაგბს?

- ვთვლი, რომ თუ ადამიანს სპორტი და მითუმეტეს რაგბი უყვარს და ამაში მშობლები უბრალოდ თავიანთი შიშების გამო ჩარევას ცდილობენ, ვფიქრობ რომ ეს სტერეოტიპი ნელ-ნელა იმსხვრევა და უამრავი ახალგაზრდა მამაცი გოგო ერთვება რაგბის თამაშში, რაც უზომოდ მიხარია, რადგანაც რაგბმა ძალიან დიდი ძალა და თავდაჯერებულობა შემმატა. მე პირადად ეგრევე თამაში არ დამიწყია, ჯერ იყო პატარ პატარა ვარჯიშები, რომელიც რაგბის თამაშში მეხმარებოდა. ეს იყო ბოჭვა და ის ელემენტები, რომლისგანაც რაგბი შედგება.

მშობლები უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ სწავლის შედეგად თამაშობ რაგბს და შემდეგ ვითარდები. ამიტომ, ყველას, ვისაც თამაში უნდა, თამამად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი! მიღებული სიამოვნებისგან თავის დაღწევა ყველას გაუჭირდება. ყოველდღე მითრევს რაგბი და უფრო და უფრო მიჩნდება განვითარების სურვილი.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ვიდრე რაგბში ვარ, სხვას ვერაფერს ვგეგმავ, მაგრამ არ მინდა რაგბის სფეროს ჩამოვშორდე. შესაბამისად, ან გუნდში რეაბილიტოლოგად ვიქნები ან მწვრთნელად პატარა ასაკის ბავშვებში. ჯერ ყველაფერი წინ არის!

ესაუბრა მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა