დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი წარუდგინეს
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, გამოძიება მენაბდეს 109 მუხლით ედავება.
ადვოკატის, დავით დადიანის თქმით, მენაბდეს ბრალი ერთი პირის ჩვენებით წაუყენეს, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვინ არის ეს პირი.
ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.
„დამატებულია მხოლოდ ერთი შეცვლილი ჩვენება იმას, რაც იყო 3 წლის წინ. რა თქმა უნდა, საეჭვოა ეს გარემოება. გამოძიება 109 მუხლით ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვისია ახალი ჩვენება, ეს ცნობილი გახდება აღკვეთის შემდეგ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, გავერკვევი ყველაფერში“, – განაცხადა დავით დადიანმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე გუშინ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, გასამართლდნენ გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული