თეგებით ძიება

ფია - სამცხე- ჯავახეთის ლეგენდად ქცეული სოფელი

სამცხე-ჯავახეთი, როგორც ისტორიულად და კულტურულად მდიდარი მხარე, გამოირჩევა არაერთი ლეგენდით, ისტორიული ამბითა და სილამაზით, რომელიც მუდმივად იწვევს მნახველების აღფრთოვანებას.

სოფელი ფია იმ სოფლებსა და დაბებს შორისაა, რომელიც თითქმის მივიწყებას მიეცა, თუმცა, ახალგაზრდობა მაინც ცდილობს აღადგინოს თავისი სოფლის პირვანდელი ისტორიული სახე და არ მიეცეს დავიწყებას ის, რაც ამ სოფელმა განვლო.

ფია - სამცხე- ჯავახეთის ლეგენდად ქცეული სოფელი


სოფელი ფია მდებარეობს ციხე-ქალაქ ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის საქართველოს აკავშირებდა სამხრეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ ასპინძის რაიონი ტურისტულ ზონაშია, სოფელი და მასთან ახლოს მდებარე გელსუნდისა და ჯოლდის გამოქვაბულების შესახებ თითქმის არავინ იცის. ამ ადგილს არც ტურისტები სტუმრობენ და არც ისე არ ინტერესდება ვინმე.

სწორედ აქ დაიწერა ბექა-აღბუღას სამართლის კანონი XIV საუკუნეშია.

საუკუნეების წინ, ამ სოფელში თურქი მოსახლეობა ცხოვრობდა, ისინი 1944 წელს გაასახლეს შუა აზიაში, ხოლო მათ ნასახლარზე ჩამოსახლდა ზედათმოგვის მოსახლეობა.

სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად XIV საუკუნეში გვხვდება, ვანის ქვაბთა მონასტრის, ტიბიკონის (XIII-ს)გვიანდელ მინაწერთა შორის. ფიაში სასოფლო სამეურნეო კულტურებიდან განვითარებულია: მემინდვრეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა და სხვა. ისტორიული წყაროებითა და უხუცესთა გადმოცემით დგინდება, რომ მიუხედავად მტრის მიერ მრავალჯერ აოხრებისა, ფიას ესოდენ დიდი განვითარება და წინსვლა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში ჯერ კიდევ მე-16-ე საუკუნემდე ქონდა.

IX-XII საუკუნეებში, მოსახლეობამ შეძლო ორი ეკლეიის აშენება, რაც მოწმობს, რომ სოფელი დიდი და ეკონომიკურად ძლიერი დასახლება უნდა ყოფილიყო.

ნასახლარები, კლდის სახლები, სოფლის სახიზარ ქვაბთა ჯგუფები და IX-XII საუკუნის ეკლესიები მიუთითებენ, რომ ამ პერიოდში ფია მოზრდილ, განვითარებულ სოფელს წარმოადგენდა.

სოფელი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში. ამას არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მოწმობს. ფიაში დღესაც არის ორი ეკლესია და ქვაბთა (კლდის სახლთა) კომპლექსი, რაც დამახასიათებელია დიდი საქარავნო გზისთვის.



ეკლესია დგას პატარა ეკლესიის აღმოსავლეთით. მის სამხრეთ აღმოსავლეთ მხარეს კი არის ქვა, ხუცური წარწერით: „ესე ეკლეს(იაი) წმინდა გიორგისი. ესე ქვაი მე დავსვი გრიგოლი ძე ვაჰა“... ნაწერი სრულად არ ჩანს. აქვე არის მეორე მოწითალო ქვა, მასზე, შუაში, გამოსახულია მზე.



ეკლესიის სამხრეთით მიწაში ჩაფლულია (5-6 მ. ზე) ყოჩი, რომელსაც აშკარად ეტყობა მატყლის კონტურები. აქვე არის ქვის აკვანი, რომლიც ლეგენდის თანახმად ქალს დაადეს, რომელიც გადაყვა მშობიარობას. ამ ეკლესიის დასავლეთ მხარეს, სარკმლის თავზე დევს ქვა ხაზებითა და წარწერით: „მჭედელი სარგაბლისას“.

მის თავზე, კარნიზის ძირს დევს ქვა ჯვრის გამოსახულებით. მარცხნივ, სამხრეთით რაღაც სახე. ჩრდილოეთით, გრდემლი და ჩაქუჩის გამოსახულება. ხოლო შიგნით შენახულია იესოს გამოსახულება, რომელსაც მარცხენა ფეხის მხარე და ტანისამოსი დაზიანებული აქვს. მარცხენა ხელით უჭირავს მუხლზე გადაშლილი წიგნი, რომელსაც სავარაუდოა, რომ ადრე ასომთავრულად რაღაც ეწერა, თუმცა დღეს მხოლოდ ასოთა ნაშთებია შემორჩენილი.



ფიას კლდის სახლების შესწავლა საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს ქვაბთა საცხოვრისის ხალხური ტრადიციების ნიმუშებს, სოფლის მოსახლეობის სოციალური რაობის ზოგიერთ სურათს, ყოფისა და კულტურის იმ დროინდელ დონეს ფეოდალურ საქართველოში. ფიის კლდის სახლების ეს ნიმუშები გარკვეულ ისტორიულსა და ქრონოლოგიურ ჩარჩოშია მოქცეული, ამიტომ მათი შესწავლა მნიშვნელოვანია ძველი საბინაო მშენებლობის ხალხური და ეროვნული ტრადიციების გამოსავლენად.

ქვაბებსა და კომპლექსის წინ ზედსახდელის წრიული ქვაბია შემონახული.ქვაბში არსებული ქვა საშუალოდ 2 მეტრის დიამეტრის წრიული ქვაა, შუაში 0,40 მეტრის მრგვალი ნახვრეტით. ქვის სისქე 0,35 მ.ია. გელაზის ქვა ორად არის გატეხილი და ქვაბის ყორეშია ჩაყოლილი.





ზეთსახდელი, XVIს. გურჯისტანის ვილაიეთის დავთრიდან არის ცნობილი, აქვე, კომპლექსის წინ 30 მეტრის მოშორებით კლდეში ნაკვეთი ორი საწნახელის ფრაგმენტია.

ეს კლდის სახლები შესწავლილია 50-იან წლებში. გივი გაფრინდაშვილის მიერ. ხოლო სოფლის ეკლესიები გიორგი ბოჭორიშვილის მიერ. XXსაუკუნის დასაწყისში. მას შემდეგ აღარავის შეუსწავლია.





ამ სოფლის ერთ-ერთმა ახლაგაზრდამ, ირინე მაღრაძემ, გადაწყვიტა მოეთხრო იმის შესახებ, თუ რა უჭირს მის სოფელს ყველაზე მეტად და რა სატკივარი აქვთ დღევანდელ ახალგაზრდობას.

„ჩემი სოფელი ულამაზესია. აქ შეიძლება მოხუცებისგან მოისმინოთ ძველი ლეგენდები, დააგემოვნოთ ნატურალური თაფლი, ნატურალური ხილი, ყურძენი. მიირთვათ ტენილი ყველი. ვფიქრობ, ჩვენი კუთხის ეს ღირსშესანიშნავი ადგილები მეტად საინტერესო და ღირებულია. ასევე მინდა დავამატო ისიც, რომ სოფელ ფიაში არის სეზონურად ჩანჩქერიც.



ვფიქრობ საჭიროა ყურადღება მიექცეს, როგორც ჩემს სოფელს ასევე ყველა იმ სოფელს, რომელიც ასეთ ისტორიებს ინახავს, რადგან არ მოხდეს სოფლიდან ახალგაზრდების წასვლა და საერთოდ არ გაუქმდეს ეს სოფელი. თუ ის გაუქმდება ძალიან დიდი ისტორიაც დაიკარგება.

ახალგაზრდობას უჭირს რადგან აქ არ არის არანაირი გასართობი და არც მაღაზია არ გვაქვს, ამიტომ იძულებულები ვართ სხვა სოფლებში ვიაროთ“, - განაცხადა ირინე მაღრაძემ TIA.GE-სთან საუბრისას.

სტატიის ავტორი: ნატო ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა