აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს და ალიევის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" ინფორმაციით, ჟურნალისტს საქმის კვალიფიკაცია დაუზუსტდა. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.
9 აპრილს მუხთარლი პროკურატურაში ადვოკატის თანხლებით გამოიკითხა, 15 აპრილს კი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. მან გამომძიებლებს ის მარშრუტი და მიმართულბა აჩვენა, საიდანაც მისი გადაადგილება მოხდა.