თეგებით ძიება

საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ სარჩელზე ხვალ იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატის გაუქმების თაობაზე შეტანილ სარჩელზე იმსჯელებს.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსახილველ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის დადგენილებების კონსტიტუციურობა:

"2021 წლის 22 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1565, №1568, №1569).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენის ფორმით, გაიმართება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 2 თებერვლის №153-IVმს-Xმპ, №119-IVმს-Xმპ და №150-IVმს-Xმპ დადგენილებების კონსტიტუციურობა. აღნიშნული დადგენილებებით, საქართველოს პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც ისინი ითხოვდნენ პირადი განცხადების საფუძველზე.

კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტი ვალდებულია, აღნიშნულ პირს შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ფორმალური პროცედურით თუ დაადგენს, რომ განცხადებაში გამოვლენილი ნება ნამდვილად შეესაბამება განცხადების ავტორის ნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავოდ გამხდარი დადგენილებებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია\' - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა