მარცხი 5-0-დან - აბულაძემ ნახევარფინალში წააგო
ვარშავაში მიმდინარე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და დღეს 5 წონითი კატეგორიის შეხვედრები ვიხილეთ. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში ათი სპორტსმენით გამოვიდა და პირველ დღეს 5 მოჭიდავიდან მედლებისთვის ბრძოლას ორი განაგრძობს.
ლერი აბულაძე, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელს ჟამბოლატ ლოკიაევს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა. ჩვენებურმა პირველი პერიოდი 5-0 მოიგო, თუმცა დაღლილობამ თავისი ქნა და საბოლოოდ, 5-9 დამარცხდა. აბულაძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ აბულაძემ პირველ ეტაპზე თურქი აბრუდაჰმან ალტანი 4-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გერმანელ გინკს შეხვდა. ქართველი ფალავანი ამ უკანასკნელს აშკარა უპირატესობით გაუსწორდა და 9-0-ით მოგების შემდეგ, ნახევარფინალში გავიდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელს ვიხილავთ. მოგვიანებით, საჭიდაოდ 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკოპ ქაჯაია გავა, რომელიც ლიეტუველ ფრიდრიკასს შეერკინება.