არ ვაპირებთ ამნისტიაზე ხელმოწერას, რომელიც ჯალათების ინდულგენციას ითვალისწინებს - ნუგზარ წიკლაური
ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩვენთან და ნიკა მელიასთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, გადაედგათ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, ამიტომ ახლა იხდიან ისინი იმ ფასს, რაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება ხოლმე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხში ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.
„არანაირი პრობლემა თავდებობასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს, პირიქით, მადლიერები ვართ ყველასი, ყველა იმ ევროპარლამენტარის, თუ ევროპელი პოლიტიკოსის, რომელიც თვლის, რომ ასეთი მაღალი ნდობით უნდა გამოვიდეს ნიკა მელიას მიმართ. ეს პარალელურად კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეს საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური შინაარსისაა და არავითარი კავშირი სამართლებრივ პროცესთან არ აქვს. ჩვენ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ თავდებობაში, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი მომენტი - არავითარ შემთხვევაში, არანაირი გირაოს გადახდა ნიკა მელიას თანხმობით ვერ მოხდება, ეს გირაო ტყვეთა სყიდვის პოლიტიკური ხარკია, რომლის გადახდაც ნიკა მელიას პერსონალურად და ქართულ საზოგადოებას დააკისრეს. არ ვაპირებთ იმ ამნისტიაზე ხელის მოწერას, რომელიც „გავრილოვის ღამის“ ჯალათების ინდულგენციას ითვალისწინებს. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტია ჩვენთან და ნიკა მელიასთან კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა, გადაედგათ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯი, ამიტომ ახლა იხდიან ისინი იმ ფასს, რაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება ხოლმე“, - განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.