ირაკლი ქადაგიშვილი: ამნისტიის კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული
უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი იმ პოლიციელებსაც შეეხებათ, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო არიან პასუხისგებაში მიცემულნი.
„ამნისტია ნიშნავს, რომ როდესაც ვიღაცას რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს დანაშაული ეპატიოს. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული. 5-პუნქტიან დოკუმენტში ეს უკვე დევს, პარტიებმა ამას ხელი მოაწერეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გეგმის სულისკვეთება კანონპროექტში სრულად აისახოს“,- აღნიშნავს ირაკლი ქადაგიშვილი.
ხვალიდან პარლამენტს გარეთ დარჩენილი და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა საპატიმროდან ნიკა მელიას გირაოთი გამოსვლის შემთხვევაშიც გაგრძელდება. არაუგვიანეს 27 აპრილისა, საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა დაინიცირდეს. პლენარულ სხდომაზე შეთანხმებაზე ხელმომწერი დეპუტატების მისვლის შემდეგ, პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოსცემს.
ამნისტიის საკითხზე, ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა; ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო იხდის სასჯელს.