მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება. პრემიერის განმარტებით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.
„პროგრამა გულისხმობს მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.