ხათუნა სამნიძე - ხელშეკრულების ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელმოწერილი ხელშეკრულების ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია, ამიტომ უნდა შესრულდეს ეს ვალდებულება.
მისი თქმით, მელიას მიერ ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს.
„მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას. ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ასე იყო იმ დღიდანვე, როგორც კი შეთავაზებაში გაჩნდა ევრკავშირის მიერ გირაოს გადახდის იდეა. ეს კრგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია.
ამიტომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება, მივყვებით ამ გზას. მეორე ამბავია მედიატორების მხრიდან, რომლებიც არიან ამ დოკუმენტის ავტორები, თუ მოხდება რაიმე ცვლილების შეტანა დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, მათ შორის ხელისუფლების თანხმობით.
ჩვენ გვახსოვს მათი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ხელს აწერენ დოკუმენტს იმ შემთხვევაში, თუ მასში ცვლილებები აღარ შევა. ამიტომ ეს საკითხი არის ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ კანონპროექტი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.