ალეკო ელისაშვილი: თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში
"მოლოდინი ის მაქვს, რომ ზუსტად ვიცი, რომ ყველა შემოვა, ოღონდ ახლა „ნაციონალები“ გაჭედილი არიან და რა ქნან, არ იციან, ასე ქნან - ზიანდებიან, ისე ქნან - ზიანდებიან და ახლა წვალებაში არიან", - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა.
„რეალურად, ამდენ ხანს ყველას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ჩვენი ლანძღვით კი არ უნდა ყოფილიყვნენ ამ თვეების განმავლობაში დაკავებულები. თან გვლანძღავდნენ და თან ერთი სული ჰქონდათ, შემოვარდნილიყვნენ პარლამენტში. კარგია, შემოვიდნენ, წყენით ლაპარაკს არ ვაპირებთ, რადგანაც ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. პარლამენტმა სრულფასოვნად უნდა დაიწყოს მუშაობა და ხალხზე ვიფიქროთ. თუ არა და იმ ზღაპრების მოსმენა მოგვიწევს, რაც ახლა მორიგ ჯერზე მთავრობამ წარმოადგინა, რომ ისე გვაქს ქამრები შემოჭერილი ამ ახალ პროგრამაში, გაწყვეტილი ვართ წელშიო. თუ არ გვინდა, ეს ზღაპრები ვისმინოთ, მაშინ ყველა უნდა შემოვიდეს და პარლამენტი უნდა იყოს ის სივრცე, სადაც ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკებთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან.