თეგებით ძიება

იუსტიციის სამინისტრო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კახი კავსაძე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე იყო ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. მისმა შემოქმედებამ მრავალი თაობის ქართველ მაყურებელს მიანიჭა უსაზღვრო სიამოვნება და მილიონობით ადამიანი აზიარა თეატრალურ და კინოხელოვნებას.

გარდა პროფესიული, სამსახიობო ტალანტისა, კახი კავსაძის პიროვნულმა თვისებებმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ის ფაქტი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, მას თან დაჰყვებოდა ქართველი მაყურებლის სიყვარული, რაც ყველაზე დიდი ჯილდო იყო საქართველოს დამსახურებული არტისტის, სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატი მსახიობისათვის.

ქართული კინოსა და თეატრის ისტორია დღეს უკვე წარმოუდგენელია მისი ტალანტის, მის მიერ შექმნილი ბრწყინვალე სახეების გარეშე, რომლებიც გასცდნენ თეატრალური თუ კინემატოგრაფიული პერსონაჟების საზღვრებს და ეთნოფსიქოლოგიური ხასიათის სიმბოლოებად იქცნენ.

კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა