რაც პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, ხელს ურტყამს პოლიციელს და ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება - ლევან მაჭავარიანი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, საპროტესტო აქციის დროს, "ბათუმელების" დამფუძნებლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, კადრებში ჩანს როგორ ურტყამს მზია ამაღლობელი სამართალდამცველს სახეში ხელს, რის გამოც დააკავეს.
"რაც პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, ხელს ურტყამს პოლიციელს და ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც თავმოყვარე სახელმწიფოს შეეფერება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ბათუმში, აქციაზე დაკავებული გამოცემა “ბათუმელების” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.