სანქციებისა და ჯარიმების გამკაცრება არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს - საია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილი ჯარიმებისა და სანქციების შესახებ ცვლილებებს საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხახებაშია ნათქვამი, სანქციების გაზრდა ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობას:
"საია მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება იმ ვითარებაში, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან, არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს. ამასთან, სანქციის გამკაცრება იქონიებს მსუსხავ ეფექტს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ მუხლების ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემურ რეფორმაზე წლების განმავლობაში მიდის საუბარი და არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მსჯელობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ძირეულ გადახედვაზე. შესაბამისად, ყოვლისმომცველი რეფორმის ნაცვლად, კოდექსით გათვალისწინებული რეპრესიული ნაწილის არსებითად გამკაცრება დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე" - წერია საიას განცხადებაში.