იაგო ხვიჩია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს
იაგო ხვიჩია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. „გირჩის“ წევრის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან შეხვედრების მიზეზები გაუგებარია.
„რადგანაც ქალბატონი პრეზიდენტი მე შემხვდა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგანაც ჩემს კოლეგებს ხვდება, სავარაუდოა, შეიძლება დავუშვათ, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს. მაშინ დავიწყებ ფიქრს, თუ რატომ შეგვხვდა მე და ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს. სხვა რა მიზეზი იყო ჩვენთან შეხვედრის?“ - განაცხადა ხვიჩიამ.
პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში შეხვედრები დღეს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან გრძელდება.