რესტორან „ბაბილოსთან“აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს მოსამართლემ 12 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ შაკო მაღრაძეს მოსამართლემ 12 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 300-300 ლარით დააჯარიმა ადვოკატები, რომელთაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„დღეს სასამართლო სამართლიან მართლმსაჯულებას კი არ ეწევა, არამედ სასამართლო გადაიქცა შურისძიების მექანიზმად. დღეს სასამართლომ ის ადამიანი დასაჯა შურისძიების მოტივით. ეს მოსამართლე არის ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა აღნიშნულ რესტორანში. ვერ აიტანა სასამართლომ, რომ თავისუფალი ადამიანები აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს და 12 დღე მიუსაჯა ადამიანს, რომელზეც საერთოდ მტკიცებულებები არ არსებობდა. ასევე დაგვაჯარიმა ადვოკატები იმიტომ, რომ ბოლომდე ვიცავდით თავისუფალ ადამიანებს. ვერავითარი ჯარიმებით ადვოკატებს ვერ შეაშინებენ. ეს მოსამართლე არის შურისძიების მანქანა, რომელიც თავისუფალ ადამიანებზე იძიებს შურს“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.