თეგებით ძიება
06. 05. 2021 მსოფლიო

ნატოს გენმდივანი: რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა.

„რუსული ჯარების გარკვეული შემცირება ვიხილეთ, მაგრამ ათობით ათასი ჯარისკაცი რჩება და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთმა ადგილზე უამრავი შეიარაღება და ტექნიკა დატოვა და შავ ზღვაში შეზღუდვები დააწესა. შესაბამისად, ნატომ უნდა გააკონტროლოს სიტუაცია და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს. საერთო ჯამში, რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა რჩება და ახლა ბევრად მეტი რუსული ჯარია უკრაინასა და მის გარშემო, ვიდრე ბოლოდროინდელ დაძაბულობამდე იყო“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს.

ამერიკული გაზეთი The New York Times-ი თეთრ სახლში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯარების ნაწილის გაყვანის მიუხედავად, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 80 ათასი რუსი სამხედრო რჩება.

წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა შეიარაღებული ძალების ნაწილი მართლაც დააბრუნა მუდმივი განლაგების ადგილზე, თუმცა ბევრმა დანაყოფმა სამხედრო ტექნიკა ადგილზე დატოვა, რაც იმის სიგნალია, რომ მათ დაბრუნება შეუძლიათ, თუ მსგავს ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა