"ჯაველინების" შეძენის პარალელურად, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატებისა და M4-ის ტიპის ავტომატების წარმოება დაიწყება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ახალი საწარმო ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„მინდა, მოგახსენოთ სასიხარულო ამბავი, რომელიც M-4 ავტომატების წარმოების დაწყებას უკავშირდება. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას.
თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.
„ასევე, მიმდინარე წლის თებერვალში თავდაცვის ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით უკვე მიიღო ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები. ამავდროულად, მიმდინარეობს M2 ტიპის 12-მილიმეტრიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებზეც ისაუბრა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებაზე.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და რომლის მნიშვნელობა მსოფლიოსა და რეგიონში ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. კონკრეტულად „თავდაცვის ძალები 2030″ მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატო-ს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება.
„დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.
უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის მნიშვნელობა.
„რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მეტად ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.
წყარო: gtradio