თეგებით ძიება

თბილისში სახლების 90% ავარიულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე დაინგრევა.. ლიფტების 95%-ში შესვლა არ შეიძლება.. ღმერთი გვიცავს, რომ ტრაგედიები არ ხდება - ირაკლი როსტომაშვილი

14 იანვარს, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული  ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა,  თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ კი შენობის მდგრადობის კვლევა დაიწყო. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზის დადგენაზე გამოძიება მუშაობს.  

ცნობილია, რომ ზამთრის სეზონზე, თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი ბინების აფეთქებების ფაქტები ხშირდება, შესაბამისად, ქალაქში ავარიული შენობების რაოდენობა იზრდება. თბილისის მერიის დათვლებით, დღეისთვის დედაქალაქში ავარიული სახლების რაოდენობა 10 ათასს აღწევს, რაც სეისმოაქტიურ ზონაში მყოფი ქვეყნისთვის საკმაოდ სახიფათოა. 

2021 წელს, როდესაც ბათუმში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ  ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი ფაქტები კიდევ იქნება, რადგან საქართველოში ავარიული უფრო მეტი შენობაა, ვიდრე საღი. რამდენად უსაფრთხოა თბილისში და ზოგადად,  საქართველოში  ცხოვრება ამ კითხვით TIA.GE -მ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარეს, კომპანია „არსის“ დამფუძნებელს, არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილს მიმართა. 

- ბოლო 30 წელია, ამ პრობლემატიკასთან, ვგულისხმობ კომუნალურ მშენებლობას, ავარიულ ფონდს და ა.შ. ძალიან დიდი დოზით, მათ შორის, სამსახურეობრივი შეხებაც მქონდა. 5 წლის მანძილზე  ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული, კრწანისის რაიონის გამგებელი ვიყავი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც პოლიტიკური ფონის მიუხედავად უნდა ვითარდებოდეს. მაგალითად, დღეს უამრავი საკითხი გვაქვს მომზადებული, რომელიც არქიტექტურას, ქალაქდაგეგმარებას და ურბანულ პრობლემებს ეხება, მაგრამ ეს საკითხები არავის აინტერესებს, რადგან ქვეყანაში ნომერი პირველი თემა პოლიტიკაა.

პრესრელიზი რომ დავდო, რომ თბილისში ურბანული ტერიტორიების განვითარების კონცეფციაზე პრესკონფერენციის ჩატარებას ვგეგმავ, ერთი ჟურნალისტიც კი არ მოვა. რომ გამოვაცხადო, რომ მაგალითად, მანქანამ ადამიანს გადაუარა, ყველა ჟურნალისტი აქ გაჩნდება. არადა, ეს ისეთი თემებია, რომ არ შეიძლება ამის გაჩერება და თვალის დახუჭვა.

- სეისმოაქტიურ ზონაში მყოფ თბილისში ავარიული სახლების რაოდენობა იზრდება...

- იზრდება? მე გეუბნებით, რომ თბილისში სახლების 90% ავარიულია, თუმცა ავარიული არ ნიშნავს, რომ დღესვე დაინგრევა. ავარიული ნიშნავს, რომ ვიღაც მეზობელმა რომ უნებართვოდ ფანჯარა გამოანგრია, სახლს უკვე კონსტრუქციული ელემენტი აქვს დაზიანებული. ყველა მიშენება ავარიულია, ყველა უნებართვოდ გამოჭრილი ფანჯარა ავარიულია. სულ მცირე, ოთხი კატეგორია დავადგინე. აქედან მეოთხე რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება და მასში ხალხი არ უნდა ცხოვრობდეს, მესამე  რეკონტრუქციისთვის არარენტაბელურია ანუ შეიძლება გაარემონტონ, მაგრამ დანგრევა და ახლის აშენება უფრო იაფი დაჯდება. სახლებში, სადაც უამრავი ადამიანი მჭიდროდ ცხოვრობს, საინჟინრო კომუნიკაციების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. მათ შორის, არის გაზიც. საბერიოში რომ ხანძარი გაჩნდა და ხუთი ბავშვი დაიღუპა, ეს ხომ იმის ბრალია, რომ რაღაცა ნორმა დარღვეული იყო? სათავსოში, სადაც ღია ცეცხლი, საწვავი არ შეიძლება იყოს. ასეთი წესია და ამ წესის დარღვევას მოჰყვა ტრაგედია, მაგრამ წესების დაცვა არავის აინტერესებს. მოდი, ერთად დავიაროთ თბილისის სკოლები და საბავშვო ბაღები და ვნახოთ სახანძრო უსაფრთხოების წესები სადმე დაცულია? ნებისმიერი სკოლა და საბავშვო ბაღი ნახეთ, სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ. სამწუხაროდ, ასეთი საკითხები არც პოზიციას აინტერესებს და არც ოპოზიციას.

- 2021 წელს, როდესაც ბათუმის ტრაგედია მოხდა, ბრძანეთ, რომ შესამუშავებელია კანონმდებლობა, რომელიც ასეთი შემთხვევებისგან დაგვიცავს. დღეს ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?

- რაც იყო, დღესაც ისეა. თითი თითზე არავის დაუკარებია. თუმცა, კანონმდებლობა ვინ უნდა შეიმუშავოს? ამის შემუშავება ან საკრებულოში უნდა მოხდეს ან პარლამენტში ხომ ასეა? ვინ უნდა შეიმუშავოს, დამისახელეთ. ვინ იცის ეს სპეციალობა? ახლა თქვენ რომ დაგავალოთ ვენის ორკესტრს დირიჟორობა გაუწიეთო, შეძლებთ?

- გამაცინეთ...

- ასეა, ყველაფერს ცოდნა უნდა. ძალიან კარგია, რომ ამ ქვეყანას სახელოვანი სპორტსმენები ჰყავს, რომლებსაც მსოფლიო იცნობს, მაგრამ სპორტსმენები ამ კანონს ვერ დაწერენ. 

- კანონმდებლობა, რომელიც არ გვაქვს და გვჭირდება, რას შეცვლის?

- ბალაკლავა რომ უკეთია, იმ ახალგაზრდას ხომ აჯარიმებენ? გაფუჭებულ ლიფტში და ავარიულ სახლში რომ შევა, ის ადამიანიც დააჯარიმონ, რომ გაფუჭებულ ლიფტში შესვლა და ავარიულ სახლში ცხოვრება არ შეიძლებოდეს. თბილისში ათობით მიშენების მქონე, ისეთი ავარიული სახლია, რომ მიკვირს როგორ დგას და ასეთ მიშენებებზე ოცკაციანი სუფრები იშლება. იქ რაღაცა რომ  მოხდეს, ისე ჩამოიკეცება, რომ ხალხსაც ვერ ვიპოვით.  ამას უნდა კონტროლი და ადმინისტრირება. 

როცა სახელმწიფო უწყებებს ვეუბნები, რომ ამ სახლებში ადამიანების ცხოვრება არ შეიძლება მპასუხობენ აბა რა ვქნათო? რამე რომ მოხდეს, მერე რას იზამთ? როგორც ბათუმში რომ ჩამოიკეცა სახლი და 19 კაცი შეიწირა, მერე ხომ იყო ტირილი და სპეციალისტების სტუდიებში მიწვევა? ძნელია, მაგრამ არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. იცით, რომ თბილისში არსებული ლიფტების 95%-ში შესვლა არ შეიძლება? ღმერთი გვიფარავს, რომ ხალხი არ ვარდება და იღუპება, თორემ წესით...

- ზოგ შემთხვევაში ვარდება კიდეც.. 2023 წელს ვაზისუბანში ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც მახსოვს, ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. შახტაში ქმარი ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

- ამიტომ ვამბობ, რომ ამ ლიფტებში შესვლა არ შეიძლება. ხომ არსებობს მაგალითად, მანქანების ტექდათვალიერება? მანქანას, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს ან გაცვეთილი საბურავები უყენია, სიარულის უფლებას არ აძლევენ, ლიფტიც ასე უნდა იყოს.  ლიფტსაც აქვს მოტორი, ხუნდები, კაბელები, ზეთი და ა.შ. და მოვლა უნდა. ხურდებს რომ აგროვებენ, იმ ხურდებით რა ლიფტი უნდა გაარემონტო? მართალი გითხრათ, აღარ შემიძლია ამ თემებზე საუბარი, იმიტომ, რომ  ამ თემებზე 1998 წლიდან ვლაპარაკობ, როდესაც ამ პრობლემებს როგორც მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებელი, უშუალოდ შევეხე. იმის მერე ყველა გადავიკიდე, ყველა დავიპირისპირე, მაგრამ დღემდე ყველაფერი ძველებურად გრძელდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა