თეგებით ძიება

„ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც, რომ არ დაზიანდეს შეთანხმება“ - ლევან იოსელიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე ყველას მოუწოდა მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამნისტიის კანონს და ყველამ დათმოს რაღაც იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში არ დაზიანდეს მთლიანად ეს შეთანხმება.

„ჩემი აზრით მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ ევროპელი მეგობრებისგან არის ის, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან როგორ შედგება და განხორციელდება ის შეთანხმება, რომელსაც მოეწერა ხელი.

ძალიან ცალსახად ითქვა, რომ შეთანხმება ეს არის საქმის ნახევარი, მეორე ნახევარი არის მისი იმპლემენტაცია და იმდაგვარად ასახვა: ცხოვრებაში, კანონმდებლობაში, რომ რეალური შედეგები მოიტანოს. რეალური შედეგები მოიტანოს - სასამართლოს დამოუკიდებლობის, საარჩევნო რეფორმის, პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერების კუთხით და ყველა იმ პუნქტზე, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ყველამ უნდა დათმოს რაღაც, რომ არ დაზიანდეს შეთანხმება.

„მიმაჩნია რომ ამნისტიის ეს 2 კანონი, რომელიც არის დაინიცირებული და რომელიც დღეს გამოდის პირველი მოსმენით, უნდა შევძლოთ ვაქციოთ 1 დოკუმენტად და ამ ერთ დოკუმენტზე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვაპირებთ ამ კანონის მიღებას. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ არ დავიწყოთ ამ შეთანხმების შესრულება უკვე დარღვევით.

მე ვთლი, რომ თუ ჩვენ არ წავალთ ამ გზით, მაშინ დავიწყებთ შეთანხმების შესრულებას უკვე დარღვევით და ამ დარღვევას მოჰყვება სხვა პუნქტების დარღვევა. საბოლოო ჯამში 6 თვიანი წვალება მედიაცია და ჩართულობა ჩაიყრება წყალში“ - აღნიშნავს იოსელიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა