ამნისტიის კანონი ყველა ვარიანტში უნდა იყოს მიღებული, არ ვაპირებთ შეთანხმებნის დარღვევას - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ამოსავალი წერტილია, შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას.
მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ზედმიწევნით აპირებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტი და სულისკვეთება კანონპროექტში აისახოს, თუმცა, არის მუხლები, რაც შეთანხმების მიუხედავად არ უნდა მოხდეს ამნისტიაში და ეს არის სწორი ნაბიჯი.
"ჩვენ კონვენციის მუხლებს ვწერთ და ვუთითებთ, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას არ შეეხოს. არის რაღაც მუხლები, რაც შეთანხმების მიუხედავად არ უნდა მოხდეს ამნისტიაში და ეს არის სწორი ნაბიჯი. უფრო მეტი დაკონკრეტება აღარ გამომდინარეობს შეთანხმების არსიდან. ზედმიწევნით ვაპირებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ტექსტი და სულისკვეთება კანონპროექტში ავსახოთ. მგონი, რომ საკამათო არაფერია. იმისათვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა კარგი იყო, რომ კიდევ ერთხელ შევხვდეთ და შევჯერდეთ. შეიძლება, განხილვა ორი დღით გადაიდოს და არა რამდენიმე კვირით, როგორც ამას ოპონენტები ითხოვენ. თუ შეხვედრას და საკითხის სხდომაზე გამოტანას დღეს ვერ მოვასწრებთ, ეს გაკეთდება ამ კვირის ბოლომდე. შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ამნისტიის კანონი ყველა ვარიანტში იყოს მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირობებს დავარღვევთ. არ ვაპირებთ, შეთანხმება დავარღვიოთ, თუ ვინმე ცდილობს, რომ საამისო პირობები შექმნას, ჩვენ ამას არ ვცდილობთ. ჩვენი მიზანია, ყველა პუნქტი ზედმიწევნით შესრულდეს", - განაცხადა მდინარაძემ.