თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, გლეხებს და მუშებს შეიძლება, გაუცვდეთ - დავით ზილფიმიანი
"ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, დავით ზილფიმიანი ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახის იდენტიფიცირების მომხრეა. ამის შესახებ დეპუტატმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.
მისი განმარტებით, თითის ანაბეჭდი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან შესაძლოა, გლეხებს და მშრომელ ადამიანებს თითები ისე დაუზიანდეთ, რომ ანაბეჭდი ვერ წაიკითხონ.
"წინააღმდეგი ვარ თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების, ვინაიდან, მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებზე მუშაობენ, რომ მათ შეიძლება, გაუცვდეთ, ან წაუკითხვადი გაუხდეთ... მაგალითად, გლეხს, ან ვინც მარტენის ღუმელთან მუშაობს. ამიტომაც მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირების, მაგრამ სანამ ეს იქნება, შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით ხმის მიცემა”, — განაცხადა ზილფიმიანმა პარლამენტში.