„რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან “ - ცერცვაძე
„საქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა, თუმცა ესეც თანდათან სწორდება“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თავის ფეისბუკ პოსტში წერს.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტები ურცხვად რომ ტყუიან, იმდენად ამაზრზენი არ არის, როგორც ის, თუ რა კმაყოფილებით აკეთებენ ამას.
ცერცვაძე ამბობს, რომ ისინი ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობენ ჰებელსის პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“.
„მიმდინარე წლის 11-13 მაისს და სხვა დღეებში „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტების, მათ შორის ექიმების მონაწილეობით დიდი ზარ-ზეიმით აცნობა მოსახლეობას, რომ საქართველო COVID სიკვდილობით 1 მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა?! რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის მართვაში სრული კრახი განიცადეს, ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა?! ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზით კაცი გარდაიცვალა?! და ა.შ.
ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობენ ჰებელსის პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. თუმცა ის, რომ აღნიშნული ტელევიზიები და ექსპერტები ასე ურცხვად ტყუიან, იმდენად ამაზრზენი არ არის, როგორც ის, თუ რა უდიდესი კმაყოფილებით აკეთებენ ისინი ამას. ალბათ, ასეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა, ან მეტეორიტი ჩამოვარდებოდა.
საიდან ამდენი ბოღმა და ღვარძლი? ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ ყველაფრის გამართლება იმით, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება კრიტიკული ტელევიზია. სრული სიმართლეა, მაგრამ კრიტიკული ტელევიზია უნდა აკრიტიკებდეს ნაკლოვანებებს და არა მიღწევებს და მით უმეტეს არ უნდა იგონებდეს ისეთ ფაქტებს, რაც მოსახლეობას თრგუნავს და სტრესში ამყოფებს. COVID-19 საუკუნის გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მას ვერ უმკლავდებიან ან ძნელად უმკლავდებიან ყველაზე ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც კი და როცა საქართველოს მსგავსი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა ახერხებს, რომ COVID პანდემიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი პარამეტრით (ვაქცინაციის გარდა) ჰქონდეს ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, ვფიქრობთ, ეს მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და არა ლანძღვა-გინებას“, - აცხადებს ცერცვაძე.