გამყრელიძე - არ შეიძლება, საზღვარზე შემოვიდეს ადამიანი, ვისაც არ ექნება „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი
არ შეიძლება, საზღვარზე შემოვიდეს ადამიანი, ვისაც არ ექნება უარყოფითი „პისიარ“ ტესტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველანაირი რეგულაციების შემსუბუქება შემთხვევების მატებისთვის გარკვეული რისკია.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამიტომაც უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული ყველა რეკომენდაცია.
„არ შეიძლება, საზღვარზე შემოვიდეს ადამიანი, ვისაც არ ექნება უარყოფითი „პისიარ“ ტესტი. იგივე, ვინც ორჯერ აცრილი იქნება, მისთვისაც აუცილებელი იქნება ნეგატიური „პისიარ“ ტესტის ქონა. ასევე, მუშავდება წინადადებები, რომ აქ ყოფნის პერიოდში, მათ პერიოდული ტესტირება გაიარონ.
ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგანაც სახმელეთო საზღვრებით უფრო მეტი ადამიანი შემოვა ქვეყანაში. მეორეს მხრივ, გასაგებია, რომ უნდა განვითარდეს და გაიხსნას ეკონომიკა და ტურიზმი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წყარო, მაგრამ უმკაცრესი დისციპლინა გვმართებს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, შეკრებებთან დაკავშირებით, დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით და რაც მთავარია, აცრების კიდევ უფრო მეტ გააქტიურებასთან დაკავშირებით.
დანის პირზე უნდა ვიაროთ. ერთი მხრივ, მესმის, უკვე დადგება ზაფხული, სითბოა, ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ უკიდურესად აუცილებელია ყველა რეკომენდაციის მკაცრად დაცვა და აღსრულება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის.