ამირან გამყრელიძე: ივნისის პერიოდში ძირითადი აქცენტი იქნება „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე“
ივნისის პერიოდში ძირითადი აქცენტი იქნება „სინოვაკზე“. „სინოფარმის“ დიდი პარტია შემოვა ივნისის ბოლოს, რომელიც უკვე ყველა ადამიანისთვის, 18 წლის ზემოთ ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, ივლისის მეორე ნახევარში ასევე „ფაიზერის“ ვაქცინების დიდ პარტიას ელოდებიან. მან ისაუბრა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაზე და აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით 48 ათასი ადამიანია აცრილი, მეორე დოზით კი 6 ათასი. გამყრელიძის თქმით, შეწყვეტენ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრას და ივლისში შემოტანილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით მოხდება მეორე დოზით მოსახლეობის ვაქცინაცია.
ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეუძლია, „სინოვაკზე“ ჩაეწეროს.
„გაგრძელდება ვაქცინაცია „სინოვაკით“, რომლითაც უკვე 5 ათასამდე ადამიანია აცრილი და 13 ათასი ჯავშანია, მაგრამ „სინოვაკზე“ პირველი აცრისთვის მარაგი დაახლოებით 50 ათასის ფარგლებშია. მეორე აცრისთვისაც ამდენივეა საჭირო. ჯერ „სინოვაკზე“ 75 ათასი დოზის მარაგია. ანუ, ყველას, ვისაც სურს და აცრა აუცილებელია, შეუძლია „სინოვაკზე“ ჩაეწეროს. ვიცი, რომ თბილისში დასარეგისტრირებლად პრობლემები იყო, თუმცა ხვალიდან ადგილები დაემატება და მსურველებს „სინოვაკზე“ ჩაწერა გაუადვილდებათ. ასევე გარკვეული (ესენციური) ჯგუფებისთვის იქნება ორგანიზებული აცრები. ასე, რომ ივნისის პერიოდში ძირითადი აქცენტი იქნება „სინოვაკზე“ და „სინოფარმი“ შემოვა დიდი პარტია ივნისის ბოლოს. უკვე ყველა ადამიანისთვის, 18 წლის ზემოთ ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა, ისევე როგორც, მესამე კვარტალში სხვა ვაქცინები“, - განაცხადა გამყრელიძემ.