ბიძინა კულუმბეგოვი: დღევანდელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალია
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია, ჩვენ თუ შევადარებთ მე-2 ტალღის დროს არსებულ მაჩვენებელს ამ ტალღასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, დაახლოებით 1,000 ინფიცირებულიდან 20-დან 30-მდე ადამიანი, ანუ 2.5-3%-ის ფარგალშია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა სიკვდილიანობის ზრდა „ბრიტანული შტამითაც“ იყოს განპირობებული, რადგან კულუმბეგოვის თქმით ზოგიერთი სტატია მიანიშნებდა, რომ აღნიშნული შტამის შემთხვევაში სიკვდილიანობა და გადამდებობა 30-40%-ით არის გაზრდილი, თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, რაც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს.
„საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა.
შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი და სიკვდილიანობა გვაქვს მაღალი და ეს დაახლოებით საქართველოს 1,000,000 მცხოვრებელზე 7-8 შემთხვევა გამოდის, რაც არის მაღალი მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბითაც კი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 346 150 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 329 516, გარდაიცვალა 4 834 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.