რა ღირს ბინები საქართველოს ქალაქებში? - იხილეთ სტატისტიკა
დედაქალაქში ყოველდღიურად ახალი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება, მოთხოვნის პარალელურად, იზრდება ფასებიც. უკანასკნელი მონაცემებით თბილისში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ფასი 1250 დოლარს აჭარბებს.
საინტერესოა როგორია სტატისტიკა საქართველოს სხვა ქალაქებში?
ბათუმი
მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეორე ქალაქი - ბათუმი, სადაც 185,000 ადამიანი ცხოვრობს, ბოლო წლებში სულ უფრო სწრაფად ვითარდება. გასულ წელს მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, უძრავი ქონების ფასები კვლავ იზრდებოდა. დღეის მდგომარეობით 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება 1000 დოლარს აჭარბებს. მეორადი ბინების ბაზარზე ფასები 800-დან 1000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში ფასი 1100-1400 დოლარის ფარგლებშია. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე ფასები 2000 დოლარს აღწევს.
რუსთავი
რუსთავი თბილისიდან სულ რაღაც 35 კმ.-ში მდებარეობს. ქალაქი გასული საუკუნის 40-50-იან წლებში მასობრივად განაშენიანდა და დღეს მისი მოსახლეობა 135,000-მდეა. 1 კვ.მ. ბინის ფასი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. საბჭოთა კორპუსებში ფასი 600-800 დოლარია, ახალაშენებულ კორპუსებში კი 700-1000 დოლარის ფარგლებშია.
ქუთაისი
იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრის მოსახლეობა 130,000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ მეოთხე ადგილს იკავებს. ქალაქში ფასები უბნების მიხედვით განსხვავდება და როგორც წესი 500-დან 1000 დოლარამდე მერყეობს. ბოლო წლებში ინტენსიურად შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ფასები შედარებით მაღალია. ძველ აშენებულ კორპუსებსა და კერძო სახლების შემთხვევაში ფასები შედარებით დაბალია. ქუთაისი ყოველწლიურად მოსახლეობის კლებას განიცდის, რაც აისახება უძრავი ქონების ბაზრის მოთხოვნაზე.
გორი
სიდით მეხუთე ქალაქი - გორია, შიდა ქართლის ადმინისტრაციული ცენტრი, 45,000-მდე მოსახლით. უძრავი ქონება აქ შედარებით ხელმისაწვდომია. ახალაშენებულ კორპუსებში საშუალო ფასი 700 დოლარია, ხოლო მეორადი ბინების შემთხვევაში 500 დოლარის გარშემო.