თეგებით ძიება

3 მნიშვნელოვანი პუნქტია, დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, მიეცნენ პასუხისგებაში ის სამართალდამცველები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს - ვაშაძე

რა პირობებით დარჩება საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში - რამდენიმე საათში საკითხს სტრასბურგში კენჭის უყრიან, მანამდე კი, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. არ არის გამორიცხული, მონიტორინგის კომიტეტის პროექტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და, სადაც კონკრეტულ დათქმებზეა საუბარი, შესწორებები შევიდეს.

ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აპრილის სესიამდე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა ახალი არჩევნებისთვის. დოკუმენტში, ასევე, საუბარია ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ეფექტიან გამოძიებასა და დაკავებულების გათავისუფლებაზე.

"ქართულმა ოცნებამ" საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ, ახალი არჩევნების ჩასატარებლად, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, მონიტორინგის კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით, საუბრობენ ის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც რამდენიმე დღეა სტრასბურგში იმყოფებიან და მართავენ შეხვედრებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან. მათი თქმით, მონიტორინგის კომიტეტის ასამბლეის დასკვნაში, საუბარია სამ მნიშვნელოვან საკითხზე.

"ივანიშვილის დელეგაციის წევრებს არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ აპრილამდე უფლებამოსილება - ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან დიდი წარმატება ქართული დემოკრატიისთვის", - აღნიშნა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

"სამი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია დასკვნაში შესული - რომ აპრილამდე უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომ აპრილამდე უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და აპრილამდე უნდა მიეცეს პასუხისგებაში ის სამართალდამცველები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. შესაბამისად, დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს პოზიციას, რომელიც ქართველი ხალხის ნებას", - განაცხადა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა