დიდი ბრიტანეთი დაბალი შემოსავლების ქვეყნებს 100 მლნ დოზა ვაქცინას გადასცემს
დიდი ბრიტანეთი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინის 100 მილიონ დოზას გადასცემს. ამის შესახებ theguardian.com იუწყება.
ვაქცინების უდიდესი ნაწილი (80%) Covax-ის პლატფორმის მეშვეობით განაწილდება.
თავის მხრივ, აშშ ღარიბი ქვეყნებისთვის 500 მლნ დოზა ვაქცინის გადაცემას გეგმავს, ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ღარიბ ქვეყნებს, ძირითადად აფრიკაში, დაახლოებით ვაქცინის 11 მლრდ დოზა დასჭირდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყნებში მოსახლეობის 60% უკვე ვაქცინირებული იქნება.
აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების გადაცემა იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობის 60% უკვე აცრილია და პანდემიის დონე კლებას განაგრძობს. აფრიკაში კი მდგომარეობა საპირისპიროა. იქ ახალი შემთხვევების მატებაა, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციები სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვენ.
აფრიკაში ჯერჯერობით მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია სრულად ვაქცინირებული.