"არავის გვსურს ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია" - გამყრელიძე
შეიძლება, არავის არ გვინდა ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აჭარაში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტურისტულ სეზონთან ერთად, რეგიონში უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია.
"აჭარაში ტურისტული სეზონია, ამიტომ საჭიროა უსაფრთხო რესტორანი, უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულება, უსაფრთხო სასტუმრო. აქ დასაქმებული ყველა ადამიანი ორჯერადად აცრილი თუ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა სტუმრისთვის. ამასთან, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, პირბადე უნდა ვატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ რთულია. შეიძლება, არავის არ გვინდა ბულვარში პირბადით სეირნობა, მაგრამ ეს აუცილებელია", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევაგამოვლინდა. სულ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 352 649 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 16 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსს 5012 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 ადამიანი. სულ ვირუსისგან განიკურნა 337 820 ინფიცირებული.