დამაზიანებელი იქნება თუ არა მეოთხე კოვიდტალღა ? - რას ვარაუდობს ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი შემოდგომით საქართველოში მოსალოდნელ მეოთხე კოვიდტალღაზე საუბრობს და პროგნოზს აკეთებს.
როგორც კულუმბეგოვმა "პირველ არხთან" განაცხადა, მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი დამაზიანებელი.
მისი თქმით, ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება.
„მეოთხე ტალღა შემთხვევების მატების იქნება აუცილებლად. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება, მაგრამ რადგანაც იმუნური ფენა დიდია უკვე საქართველოში, ბუნებრივადაც ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ეს ინფექცია, მეტ-ნაკლებად პირბადის ტარების კულტურა არსებობს, შენობების შიგნით მაინც, ვაქცინაციას გავლენა აქვს და კიდევ მეტად ექნება შემოდგომამდე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი დამაზიანებელი“, – განაცხადა კულუმბეგობმა.
მან შარშანდელი ზაფხული გაიხსენა, რის შემდეგაც დაიწყო შემთხვევების მატება და პანდემიის მეორე ტალღა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ზაფხულიც იქნება გამოწვევა.
„რა თქმა უნდა, ჩვენს ქცევაზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. ზაფხული გამოწვევაა. ჩვენ 2020 წელს ეს ვნახეთ, თუმცა ახლა მოცემულობა შეცვლილია. გადავიტანეთ ცუნამივით მეორე ტალღა, რომელმაც რეალურად ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა. შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ და ჩვენს საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით, ქცევასაც მივაქცევთ ყურადღებას, პირბადესაც და ვაქცინაციასაც სახელმწიფო მაქსიმალურად გაააქტიურებს, იქნება მეოთხე ტალღა, მაგრამ ეს იქნება სწორედ იმ ფარგლეში, რაც იყო მესამე ტალღა და შეიძლება, უფრო სუსტიც კი. ჩემი მოლოდინით, შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1 000 ინფიცირებული დღიურად, მაგრამ სასურველია გვახსოვდეს, რომ 1 000 ინფიცირებულიდან ვხედავთ რომ თითქმის 15-დან 30-მდე ადამიანი იღუპება და ეს 15 და 30 ადამიანის ოჯახური ტრაგედიაა. 1 000 ადამიანის დაავადება ყოველდღიურად არის ძალიან დიდი ციფრი ჩვენნაირი მომცრო ქვეყნისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეოთხე ტალღა იყოს რაც შეიძლება მინიმალური და დანაკარგების გვქონდეს მინიმალური“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს კულუმბეგოვმა.