თეგებით ძიება
14. 06. 2021 COVID - 19

ივანე ჩხაიძე ვაქცინაციაზე: რეგიონებში გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება, თუმცა, თბილისთან შედარებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყება დადებითად აისახება ვაქცინაციის პროცესის ტემპზე, ვინაიდან ეს ვაქცინა პასუხობს ჯანმოს მოთხოვნებს. მისივე თქმით, შედეგად, რეგიონებში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობაც გაიზრდება.

„შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ, მაინც, შესაძლებელი იქნება „სინოვაკის“ პირველი და მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიდრე საქართველოში შემოვა 3 400 000 დოზა ვაქცინა, სტაბილურად, ყოველდღიურად, 5-6 ათასი ადამიანის ვაქცინაცია ტარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება საქართველოს რეგიონებში, თუმცა, თბილისთან შედარებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა. ვაქცინირებული ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა თბილისშია კონცენტრირებული. „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება, გარკვეულწილად, შეავსებს ხარვეზს, რადგან მას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. მისი ეფექტიანობაც და უსაფრთხოებაც სრულად შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. ამ ვაქცინის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა