Novavax-ის ეფექტიანობა 90%-ს შეადგენს
Novavax Inc-მა აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დაადგინა, რომ მისი ვაქცინა COVID19-ის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საერთო ჯამში კვლევები 30 ათას მოხალისეზე ჩატარდა. კომპანიამ უკვე შეიტანა ოფიციალური განაცხადი, რათა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში შესაბამისი რეგისტრაცია გაიაროს. ეს, სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში მოხდება.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული შტამების მიმართ ეფექტიანია. ვაქცინა ტრადიციული მეთოდით, ცილის ბაზაზეა დამზადებული, მასში „გაწმენდილი“ ვირუსი შედის, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას იწვევს.
Novavax Inc საწყის ეტაპზე თვეში ვაქცინის 100 მლნ დოზის წარმოებას გეგმავს, ხოლო მეოთხე კვარტალში წარმოებული ვაქცინის რაოდენობა თვეში 150 მლნ დოზამდე გაიზრდება.
ასევე Novavax ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რაც ინდოეთში ამ ვაქცინის წარმოებას ითვალისწინებს.