კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამი 74 ქვეყანაში გამოვლინდა
კორონავირუსის შტამი "დელტა" 74 ქვეყანაში ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
COVID-19-ის ეს ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა, სწრაფად გავრცელებას განაგრძობს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ის, შესაძლოა, მსოფლიოში დომინანტურ შტამად იქცეს.
"დელტას" აფეთქებები დადასტურდა ჩინეთში, აშშ-ში, აფრიკაში, სკანდინავიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მეცნიერების თქმით, ის უფრო გადამდებია და სერიოზულ დაავადებებს იწვევს.
ინფექციონისტების თქმით, "დელტა" ვარიანტის შემთხვევების რიცხვი ყოველ 2 კვირაში ორმაგდება და ახალი შემთხვევების 10%-ს შეადგენს. ბრიტანეთში კი მისი წილი უკვე 90%-ია.
ამასთან, სპეციალისტები შიშობენ, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც მონიტორინგის სისტემები სუსტია, "დელტა" ვარიანტი უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ოფიციალურად ცნობილია.