თეგებით ძიება
15. 06. 2021 COVID - 19

"გამოცდები გადაიტანეთ... ვირუსის აფეთქება იქნება ..." - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


"ინდურ შტამთან, ე.წ. „დელტასთან“ დაკავშირებით - არც თუ კარგი ამბებია. ის კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთში ახალინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა ინფიცირებული. თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.

საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.

საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.

მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები - ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის - 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში - 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.

ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.

ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.

ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?! საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში.

კიდევ ერთხელ აცრაზე - გუშინ რომ ავიცერი, ვაქცინაციას ატარებდა „წითელი ჯვარი“, მოხალისეები, პენსიაზე გასული მედპერსონალი, რადგან საავადმყოფოებში ადამიანურ რესურსს უფრთხილდებიან. ადგილზე იყო ერთი ექიმი, რომელიც ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდა.

ვაქცინაცია არ არის საშიში, ოღონდ ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს. მათ შორის, უნდა იყოს ელექტრონული ჯანდაცვა, ჩვენთან კი საბუთებს დღესაც ხელით ავსებენ.

ალბათ, ახლა ფულის კეთების ახალი საშუალება დაიწყება საქართველოში - ვაქცინაციის მასიური პუნქტები უნდა გავაკეთოთო. არ არის საჭირო. საქართველოში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში 551 მულტიპროფილური საავადმყოფოა.

რა უნდა გაკეთდეს: 1.არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლი უნდა მოწესრიგდეს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, 2.ვაქცინაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. 3.დატრენინგდეს შესაბამისი პერსონალი. ახალი პუნქტების გახსნა და „ფულის მახეები“ საჭირო არაა. არ დაიღალეთ ამდენი პიარით?! ნუ ფლანგავთ ქვეყნის ბიუჯეტს.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესში წითელი ჯვრის გამოყენება არ გვჭირდება. გამოვიყენოთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მრავლადაა.

უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება უაზრო გეგმებზე, პროგრამებზე. ჯობდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებული ყოფილიყო ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტრენინგებზე, ინფექციის კონტროლზე და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა ხარისხიანი ვაქცინების შემოტანაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.

ექსკლუზივი - მე ვიყავი გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ვინოდ პოლი. ის ახლა ინდოეთის მთავრობის მრჩეველია. ვინოდ პოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინდოეთი იწყებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის წარმოებას.

რაც შეეხება საქართველოს, ჩემი მოსაზრება ასეთია - ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და წერტილოვანი, მიზანდასახული ჩაკეტვები.

აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს?!

გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს.

რეკომენდაციები უცვლელია - სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ არავითარი ტესტების და ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის, თუ ამაზე ექიმის მითითება არაა.

ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თუ თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ.

ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება., 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება.

გააკეთეთ სიკეთე, იყავით ყოველთვის კარგ ხასიათზე. ვიყოთ რეალისტები, სიმართლეს თვალებში ვუყუროთ. მოუსმინეთ ყველას, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს დაუჯერეთ.

მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება, მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც საჭიროდ თვლით.

ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ვისაც გაქვთ საშუალება, წადით სოფელში და იყავით სუფთა ჰაერზე.

ჩვენ ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება - ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად.

ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?!

როცა ვაქცინაციის სიავკარგეზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები - არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა.

მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.

მოუფრთხილდით თავს, დაიცავით წესები, ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა