თეგებით ძიება
17. 06. 2021 COVID - 19

ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მატების მიზეზებზე ისაუბრა

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა რა არის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მატების მთავარი მიზეზები. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“ ისაუბრა. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მინისტრი საქართველოში COVID-19-ის სხვადასხვა შტამების გავრცელებას და მოსახლეობას მოუწოდებს ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ტესტი გაიკეთოს.

„შეიძლება მრავალი ვერსია არსებობდეს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ანალიზდება ყველა ის მოვლენა, რაც ქვეყანაში ეპიდვითარების მიმართულებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ახალი შტამები, რომლებიც ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ფიქსირდება და საქართველოც არ არის გამონაკლისი. დაავადების მიმდინარეობაც სხვადასხვა სირთულის არის. ამას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს ლეტალობაზე. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ მნიშვნელოვანია ტესტირება (ვირუსის) დროული აღმოჩენისთვის და დროული მიმართვისთვის ექიმთან და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რაც შემდეგ უკვე იწვევს იმ შედეგებს, რაზეც კითხვები ისმის. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს გაფართოებული ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტესტები ხელმისაწვდომია როგორც გეოგრაფიულად, ასევე რაოდენობრივად, ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებთ მოქალაქეებს ყველა საეჭვო სიმპტომზე მივიდნენ და გაისინჯონ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 775, გარდაიცვალა 5 096 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა